რუსთავი2-ისა და TV საქართველოს იურისტები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს ფიცის და კონსტიტუციის ერთგულებას მოუწოდებენ. კომპანიის ადვოკატები აცხადებენ, რომ სასამართლომ რუსთავი2-ის სარჩელებზე გადაწყვეტილების გამოცხადების ვადა დაარღვია.
ადვოკატების ინფორმაციით, კანონით დადგენილი 9-თვიანი ვადა გასულ თვეს ამოიწურა. იურისტები პლენუმის წევრებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ გამოცხადებას სთხოვენ.
ადვოკატების განცხადებით, საერთო სასამართლოებში რუსთავი2-მა სამართლიანი სასამართლოს უფლებით ვერ ისარგებლა, კონსტიტუციურ სარჩელებზე გადაწყვეტილების გაჭიანურება კი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლის ეჭვებს ამყარებს.
რუსთავი2-ისა და TV საქართველოს იურისტების არგუმენტები საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლისთვის მიუღებელია.
რუსთავი2-ის საქმის გარდა, გიგი უგულავასა და ე.წ. კაბელების საქმის მსჯავრდებულების იურისტებს მიაჩნიათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მათ საქმეზე განხილვის დასრულებას აჭიანურებს.
ავტორები: ნათია ტრაპაიძე, ეკო მაღრაძე