8 წელი შინდისის ბრძოლიდან. ომში დაღუპულ ქართველ გმირებს დღეს კიდევ ერთხელ იხსენებენ. შინდისში გმირთა მემორიალთან სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო პრეზიდენტმა.
“ყოველ წელს ჩვენ საქართველოს მოქალაქეები აქ მოვდივართ მადლიერებით, რათა პატივი გამოვხატოთ იმ ადამიანების მიმართ, ვინც თავისი სიცოცხლის ფასად, გმირულად დაგვიცვა ჩვენ, დაიცვა დედაქალაქი, დაიცვა ჩვენი სამშობლო ვერაგი მტრისგან. მადლობა და დიდება მათ სახელებს, მათ ხსოვნას, მადლობა მათ ოჯახებს, რომ ასეთი შვილები ქმრები, ძმები გაზარდეს,“ - განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
სხვა მინისტრებთან ერთად მემორიალი გვირგვინით შეამკო თავდაცვის მინისტრმაც.
“ჩვენ ვიმყოფებით ადგილზე, რომელიც არის ტრაგიკული, მაგრამ ამასთან ერთად არის თითოეული ჩვენთაგანისთვის საამაყო. აქ დაიღუპა 17 ვაჟკაცი ქართველი გმირულად და მათი ვაჟკაცობით გააოცეს მტერიც კი, ამიტომ ქედს ვიხრი მე მათ წინაშე“ - აღნიშნა ლევან იზორიამ.
შინდისის მემორიალთან ასევე დილიდან იმყოფებიან გმირების ოჯახის წევრები და ადგილობრივები. ისინი 2008 წლის 11 აგვისტოს იხსენებენ.
ავტორი: თამთა დოლენჯაშვილი.