ბოლო პერიოდში პატიმართა წამების ამსახველი ვიდეოკადრების ინტერნეტ სივრცეში გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს მთავარი პროკურატურა.
„ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ვიდეო მასალას, სადაც ასახულია 2012 წლის ოქტომბრამდე სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებაში პატიმართა ცემა-წამების ფაქტები, მოყვა შესაბამისი რეაგირება და პასუხისგებაში მიეცა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 60 თანამშრომელი.
ვიდეო მასალის წარმომავლობისა და გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით კი შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდება ე.წ. ციხის კადრების საქმიდან ცალკე წარმოებად გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში,“- წერია განცხადებაში.
დაუშტრიხავი ფორმით კადრების გავრცელებას ასევე გამოეხმაურა კამპანია ეს შენ გეხება.
არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას დროულად ამოიღონ მსგავსი კადრები და დაიწყოს გამოძიება მათი მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე.