19 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
ელისო კილაძე პროკურატურაში მის დაბარებას "ქრონიკა +"- ში ივანიშვილზე გამოქვეყნებულ მასალებს უკავშირებს

მთავარ პროკურატურაში გაზეთ ქრონიკა პლიუსის რედაქტორი პატიმართა წამების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით დაიბარეს.

ელისო კილაძე მთავარ პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ შევიდა. როგოც მან შესვლამდე განაცხადა, მისთვის დღეს გამოკითხვაზე დაბარება გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებს.

როგორც თავად აცხადებს, კადრები, რომელიც მან საკუთარი გაზეთის ვებგვერდზე გაავრცელა, მთავარი პროკურატურისთვის სიახლე არ ყოფილა.

მან ასევე გამოთქვა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ გამოკითხვაზე დაბარებით, მასზე გარკვეული ზეწოლის განხორციელებას ცდილობენ. ელისო კილაძე არ გამორიცხავს, რომ წინასაარჩევნოდ მისი გაზეთის დახურვა მოხდეს.

„მე არ ვთვლი, რომ ცოცხების კადრები გამოძიებულია, იმიტომ, რომ  ჩემს მიერ გავრცელებულ ფირში მკაფიოდ ჩანს, რომ ცოცხების სცენა, ანუ 2012 წლის ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიის მთავარი ნარატივი არის დადგმული. ეს რეალურად ასახავს, არა პატიმართა წამებას, არამედ დასცინიან ადამიანს, რომელიც არ არის ჯანსაღი. ჩემთვის სრულიად გაუგებარია რა პროცესია ეს. მე მინდა გითხრათ, რომ კადრების სრული ვერსია სიურპრიზი მთავარი პროკურატურისთვის არ უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ჯერ კიდევ 2013 წელს, გიორგი ლომიამ, ირმა ინაშვილმა, იმ პირებმა, რომლებმაც გააკეთეს ამის ორგანიზება, ტექნიკასთან ერთად სრული ფირი, ანუ ის, რისი ფრაგმენტებიც მე გამოვაქვეყნე, ჩააბარეს საქართველოს მთავარ პროკურატურას. მე ჩემი ეჭვები მაქვს და მინდა გითხრათ ამის თაობაზე. ქრონიკა + ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით, ამხელს რუსი ოლიგარქ ივანიშვილისა და რუსული პოლიტიკურ წრეების ურთიერთობის დეტალებს. მათ შორის ბოლო მასალა ჩვენთან გამოქვეყნდა სამშაბათს და როგორც ჩანს სწორედ ეს მასალაა მიზეზი იმისა, რომ პროკურატურამ გადაწყვიტა დღეს ჩემი აქ გამოკითხვაზე დაბარება. მე ვთვლი, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი. ეს არ არის რიგითი დაკითხვა. იმ ცვლილებების გათვალისწინებით, რომელიც ქალბატონ ბესელიას ინიციატივით შევიდა კოდექსში და ეხება ფირების გავრცელებას, შესაძლებელია საქმე წაიყვანონ იქეთ, რომ დახურონ წინასაარჩევნოდ ქრონიკა +,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.

ავტორი: ნათია ტრაპაიძე.

დღის ამბები