19 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
ენმ - კომპანია ორბი, რომელმაც თბილიში ხეები მოჭრა, პარტია ქართულ ოცნებას აფინანსებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დოკუმენტს ასაჯაროებს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ კომპანია ორბი, რომელმაც გუშინ მერიის ნებართვით ხეები მოჭრა, ქართული ოცნების დამფინანსებელია.

ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გია როინიშვილმა გაასაჯაროვა. 

როინიშვილი ამბობს, რომ კომპანიამ პარტია ქართულ ოცნებას 60 000 ლარი ჩაურიცხა ანგარიშზე. 

ბრალდებებს არ პასუხობენ მერიაში. თუმცა, დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ საქმე გამოსაძიებლად საგამოძიებო ორგანოში უკვე გადაიგზავნა. 

პარალელურად გრძელდება აქციები მუნიციპალიტეტის შენობის წინ. ადგილზე პარტიზანი მებაღეების წევრი, ნატა ფერაძე, იმყოფება. ის უკვე 24 საათია, შიმშილობს. მას ცოტა ხანში თანამოაზრეები შეუერთდებიან. 

აქცია-მსვლელობა 19:00 საათზე ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე დაიწყება და მსვლელობით აქციის მონაწილეები თბილისის მერიასთან მივლენ. კომპანია ორბში ამ დრომდე კომენტარი არ გაკეთებულა. 

 

ავტორი; სალომე ბოკუჩავა

დღის ამბები