თბილისის მერიასთან პარტიზანი მებაღეების შიმშილობის აქცია გრძელდება. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის წინ იმ მაღალჩინოსნების პასუხიმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ, რომლებმაც ყაზბეგის 24 ნომერში ხეების მოჭრის ნებართვა გასცეს.
დღეს კი კურიერმა ის დოკუმენტიც მოიპოვა, რომლის საფუძველზეც მწვანე ნარგავების მოჭრის გადაწყვეტილება მიიღეს.
ექსპერტებმა ტერიტორიაზე არსებული 65 ხიდან 45-ზე უარყოფითი დასკვნა დადეს. პარტიზანი მებაღე, ნატა ფერაძე, ამბობს, რომ დოკუმენტში ურთიერთგამომრიცხავი წინადადებები წერია.
დღესვე ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა დოკუმენტი, რომლითაც ირკვევა, რომ კომპანია ორბი, რომელიც ყაზბეგის 24 ნომერში მშენებლობას აწარმოებს, პარტია ქართულ ოცნებას აფინანსებს. კერძოდ, დოკუმენტში წერია, რომ კომპანიამ პარტიას 60 000 ლარი შესწირა.
რამდენიმე წუთის წინ თბილისის მერიასთან მიმდინარე აქციას მოქალაქეები შეუერთდნენ, რომლებმაც აქცია მსვლელობა ძველი იპოდრომის ტერიტორიიდან დაიწყეს.
თბილისის მერიამ დღის ბოლოს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ყველა საჭირო დოკუმენტი შესასწავლად საგამოძიებო ორგანოს გადაეგზავნა.
ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის სამუშაოები ამ დროისთვის შეჩერებულია.
ავტორი: სალომე ბოკუჩავა