ჰოლივუდის ყველა დროის მომხიბვლელი ვარსკვავი დღეს იუბილარია. მსახიობი, პროდიუსერი და რეჟისორი რობერტ რედფორდი 80 წლის გახდა. ვეტერანი მსახიობი იუბილეს მხოლოდ ოჯახის წევრებისა და ახლო მეგობრების გარემოცვაში ხვდება.
70-80-იანი წლების ყველაზე გამორჩეულ მსახიობი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნას დღემდე თავს არიდებს. დაბადების დღის გეგმებზეც მან მხოლოდ რამდენიმე კვირის წინ ახალი ფილმთან დაკავშირებული ინტერვიუს დროს ისაუბრა.
"დაბადების დღეები არის დღეები, რომლებიც მინდა, რომ გამოვტოვო. როდესაც ის ახლოვდება, მსურს, სხვა მხრივ შევხედო, მაგრამ მისი აღნიშვნის თავიდან აცილება არ შემიძლია. როდესაც შენი ოჯახის წევრები და გარშემომყოფები გეუბნებიან, რომ ჩვენ მაინც აღვნიშნავთ, მოგწონს შენ ეს თუ არა, ჯობს, რომ შენც მოგწონდეს," - ამბობს რედფორდი.
რობერტ რედფორდის იუბილის აღნიშნვას შეერთებულ შტატების კინოთეატრების უმრავლესობაც აპირებს. მათ თაყვანისმცემლებისთვის მსახიობის ფილმების რეტროსპექტივა მოამზადეს, რომლებსაც კინოთეატრებში დღეს უჩვენებენ.
"პიტის დრაკონი", რომლის მსოფლიო პრემიერაც ლოს ანჯელესში აგვისტოს დასაწყისში შედგა, რობერტ რედფორდის თითქმის 60-წლიან კარიერაში ბოლო სურათია. ასაკის მიუხედავად, ვეტერანი მსახიობი მუშაობისთვის თავის დანებებას არ აპირებს.
რობერტ რედფორდი 1936 წლის 18 აგვისტოს სანტა მონიკაში დაიბადა. იყო ცუდი სტუდენტი, რომელიც წელიწადნახევარში უნივერისტეტიდან გარიცხეს. რედფორტი ეკრანზე პირველად სატელევიზიო შოუებში გამოჩნდა, შემდეგ კი კარიერა კინოში განაგრძო. როგორც კი ცნობილი გახდა, სხვა მსახიობებისგან განსხვავებით, რომლებიც ლოს-ანჯელესისკენ ისწრაფვიან, რედფორდი კალიფორნიიდან 800 მილის დაშორებით, იუტას შტატში მდებარე რანჩოში გადასახლდა.
სამსახიობო კარიერის განმავლობაში რობერტ რედფორდი 4-ჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე, თუმცა ამერიკის უმაღლესი კინოაკადემიის ჯილდო მხოლოდ ერთხელ აიღო, ისიც სარეჟისორო დებიუტისთვის. ოსკარის ქანდაკება მას 1980 წელს გადაღებულმა ფილმმა "ჩვეულებრივი ადამიანები" მოუტანა. რედფორდი 2002 წელს ოსკარის 74-ე დაჯილდოვების ცერემონიაზეც დააჯილდოვეს. საპატიო პრიზი მას კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისა და კარიერაში მიღწეული წარმატებისთვის გადასცეს.