19 ნოემბერი 2024,   21:41
ვრცლად
დამწვარი სკოლა სოფელ ლორთუბანში - ადიგენის რაიონის სამი სოფლის ბავშვები სკოლის გარეშე დარჩნენ 

სოფელ ღორთუბნის სკოლა გასული წლის 11 ივნისს დაიწვა და ადგილობრივების მტკიცებით, სკოლის მოსწავლეების ბედით არც განათლების სამინისტრო და არც ადგილობრივი ხელისუფლება არ დაინტერესებულა. ადგილობრივები დამწვარი სკოლის ადგილას ახლის აშენებას ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვენ.

სოფელ ღორთუბნის ამ სკოლაში ადიგენის რაიონის სამი სოფლის ბავშვები სწავლობდნენ.

სკოლის გარეშე დარჩენილი ბავშვები ადგილობრივმა მაცხოვრებელმა შეიფარა. მაღალმთიანი რაიონის სამი სოფლის მაცხოვრებლების პრობლემა საკუთარ თავზე მრავალსულიანმა ოჯახმა აიღო. მათ სკოლას საცხოვრებელი სახლის მეორე სართული უსასყიდლოდ დაუთმეს. საბაზო სკოლის სასწავლო პროცესი 60-მდე ბავშვისთვის 5 პატარა ოთახში მიმდინარეობს.

იმ შემთხვევაში, თუ ახალი სკოლის აშენება არ მოხდება, ადგილობრივები შიშობენ, რომ სოფლები დაიცლება.

ის, რომ მაღალმთიან სოფელში სკოლის აღდგენა აუცილებელია, ამ ფაქტს განათლების სამინისტროში ადასტურებენ. საგანმანათლებლო და სამეცნიერი ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში აღდგენის პროცესის გაჭიანურებას ტექნიკურ პროცესებს უკავშირებენ. მათი ვარაუდით, სკოლის აშენება 2017 -18 წლამდე უნდა დასრულდეს.

 

 

ავტორი: ირინა კეჭაყმაძე

დღის ამბები