19 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
საკრებულოს ოპოზიცია გაერთიანდა და თბილისის მერი ხუთშაბათს სხდომაზე მიიწვია

საკრებულოს ოპოზიცია გაერთიანდა და თბილისის მერი, დავით ნარმანია, ხუთშაბათს საკრებულოს სხდომაზე მიიწვიეს. კანონმდებლობის მიხედვით, მერის დასაბარებლად დეპუტატთა 1/4-ის თანხმობაა საჭირო, რაც ოპოზიციამ უკვე შეაგროვა. 

მიღებული გადაწყვეტილება ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მოქალაქეებს სპეციალურ პრესკონფერენციაზე მიაწოდეს. 

"თბილისში ყაზბეგის გამზირზე ათეულობით უკანონოდ გაჩეხილმა ხემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თბილისის მერიაში ბევრი სისტემური ხარვეზი გვაქვს, რომელზეც თბილისის მერი და მერიის ხელმძღვანელობა პასუხისმგებლობას არ იღებს. ამიტომ, ჩვენ კოლეგებთან ერთად, საკრებულოში ვიბარებთ ხუთშაბათს თბილისის მერს, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მოუწევს პასუხი გასცეს ამ და სხვა შეკითხვებს, რომელიც მოქალაქეებს აწუხებს,"- განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირაკლი აბესაძემ. 

განცხადება გააკეთა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმაც, რომელიც ამბობს რომ მერი საკუთარ უფლებამოსილებაში ვერ ერკვევა. 

"მთავარი კითხვა არის ერკვევა თუ არა ნარმანია საკუთარ უფლებამოსილებაში. თბილისში საღი ხეები მოიჭრა და ნარმანია გამოდის და არ ვიცი ვისი დანაშაული არისო. ეს ნიშნავს, რომ მან არ იცის საკუთარი სტატუსი. მეორე რაც არის, ის რომ რატომ აწერს საღი ხეების მოჭრას ხელს გამწვანების სამსახურის უფროსი და რატომ არ აგებს ის პასუხს. საკრებულოს დეპუტატთა 1/4-ს ხელმოწერის შემდეგ ის ვალდებულია მოვიდეს და უპასუხოს ჩვენ კითხვებს,"- აცხადებს ელისაშვილი. 

ნარმანიას საკრებულოში მისვლას ითხოვენ რესპუბლიკელებიც.

"ყველა დეტალი გვაინტერესებს, მითუმეტეს როცა ნებართვა გაიცა, იყო რომ მწვანე ნარგავებს არ შეეხებოდნენ, ეს პირობა დაირღვა. სამწუხაროდ ქალაქის მერია გადაქცეულია სხვადასხვა კომპანიების მომსახურების კანტორად,"- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა. 

მერიას უმოქმედობაში და უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ გაერთიანებული დემოკრატებიც. მათი ინფორმაციით, დედაქალაქში ხეები იჩეხება და შენობები შენდება. 

"ყველა მიმართულებით, სადაც მწვანე ნარგავია, ხდება მისი მოჭრა და მშენებლობების ნებართვის გაცემა. გვინდა პასუხი გაგვცენ ამ ყველაფერზე,"- აცხადებს ზაზა ვეკუა.

ავტორი ქეთი ნადიბაიძე 

დღის ამბები