თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია განახლდა. მოძრაობა პარტიზან მებაღეებს და სხვა აქტივისტებს პოლიტიკოსებიც უერთდებიან. თავად პარტიზანული მებაღეობის დამფუძნებლის ნატა ფერაძის თქმით, მისი პროტესტი უკვე 6 დღეა რაც გრძელდება, თუმცა ჯერჯერობით მერიისგან არანაირი პასუხი არ ყოფილა.
“დღეს არის შიმშილობის მეექვსე დღე და არანაირი გამოხმაურება საერთოდ არ ყოფილა და მათ პოზიციებს არც თუ ისე დალაგებულს ვნახულობთ ხოლმე ინტერნეტში, ინტერვიუებში, ტელევიზიაში და ასე შემდეგ. მოთხოვნები რჩება იგივე, რომ გადადგეს ეკოლოგიის და გამწვანების ორი უფროსი, ნინო სულხანიშვილი და ნუგზარ კახნიაური და დაიწყოს გამოძიება არამარტო ამ გამწვანების სამსახურის უფროსებზე, არამედ ყველაზე. მანამდე იყო ბიძინა გიორგობიანი, გადაიხედოს ყველა საქმე და შესაბამისი პასუხი აგოს ყველა დამნაშავემ, ვინც გამოვლინდება. უნდა მოხდეს სერიოზული რესტრუქტურიზაცია ეკოლოგიის და გამწვანების სამსახურის,“ - განაცხადა ფერაძემ.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია რესპუბლიკელების წევრის დავით ზურაბიშვილის თქმით, ყველა კითხვაზე პასუხი თბილისის მერმა უნდა გასცეს.
“სოლიდარული ვართ ნატა ფერაძის აქციასთან, ვუერთდებით ალეკო ელისაშვილის თხოვნას, რომ მან შეწყვიტოს შიმშილობა რადგან, კომიტეტშიც იქნება ხვალ განხილული ამ საკითხის, მერე იქნება საკრებულოს სხდომაზე, სადაც ვალდებულია ქალაქის მერია მოვიდეს, რამდენადაც კანონის მიხედვით ის ვალდებულია, რომ დეპუტატის მოთხოვნა შეასრულოს. ასე რომ ის საკითხები, რაც დაისვა ამ ნარგავების და ხეების გაჩეხვის შემდეგ, ამაზე პასუხი მერმა უნდა გასცეს,“ - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.
აქციას ასევე შეუერთდნენ თავისუფალი დემოკრატებიც.
„როგორ შეიძლება პოლიტიკას თავი დავანებოთ, ჩვეულებრივმა მოქალაქემ, ამ ქალაქის მკვიდრმა, არ გამოხატოს, არ გაუჩნდეს პროტესტის გრძნობა და მერე ბუნებრივია არ დაუდგეს ქალბატონ ნატას გვერდში, ამიტომ რა თქმა უდნა ჩვენც თავისუფალი დემოკრატები ამიტომ ვიმყოფებით აქ,“ - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
ავტორი: ბექა მჭედლიშვილი.