ყაზბეგის 22 ნომერში უკვე ყველა ხე მოჭრილია. გაჩეხვის პროცესი ამ ტერიტორიაზე მერიის ზედამხედველობის სამსახურმა დღის მეორე ნახევრიდან განაახლა. თბილისის მერიამ ხეების ჭრის დასრულება პროკურატურის რეკომენდაციის საფუძველზე გადაწყვიტა. მათი განცხადებით ნახევრად მოჭრილი ხეები მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენდა.
ხეების მოჭრის პროცესი შვიდი დღის წინ დაიწყო და ზუსტად ამდენივე დღეა, რაც მერიასთან შიმშილობის პროცესი გრძელდება. დღეს ნატა ფერაძის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო, თუმცა აქცია მერიის წინ ამით არ შეწყვეტილა. პროტესტის რადიკალურ ზომას პარტიზანი მებაღეების სხვა წარმომადგენელმა მიმართა.
ყაზბეგის 22-ში მომხდარი ინციდენტი იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც თბილისის მერი საკრებულოს ოპოზიციამ სხდომაზე დაიბარა. დავით ნარმანიას ყველა იმ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა, რომელიც თბილისში გამწვანების საკითხებს ეხება, თუმცა როდის მივა დავით ნარმანია საკრებულოში ჯერ უცნობია.
ხეების მოჭრის ფაქტს კი პროკურატურა სწავლობს. გამოძიების დასრულების შემდეგ თუ გადაცდომის ფაქტები დამტკიცდება, შესაძლოა იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, ვინც ხეების მოჭრაზე ნებართვა გასცა. პარალელურად თბილისის მერმა ხეების მოჭრაზე 10 დღიანი მორატორიუმი გამოაცხადა.
ავტორი: გიგლა თუმანიშვილი.