19 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
ეროვნული გამოცდები - აბიტურიენტებისთვის საგამოცდო ცენტრიდან გუშინ მიღებული პასუხები მცდარი აღმოჩნდა

ვინ შეძლო ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება და გრანტის მოპოვება - საბოლოო მონაცემები ჯერ კიდევ უცნობია. აბიტურიენტებისთვის საგამოცდო ცენტრიდან გუშინ მიღებული პასუხები მცდარი აღმოჩნდა. უწყების განმარტებით, სტუდენტობის მსურველებმა მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით დამუშავების პროცესში მყოფი მონაცემები მიიღეს.

აბიტურიენტებმა დაახლოებით ერთი დღით ადრე მიიღეს წინასწარი ჩარიცხვის შედეგებთან დაკავშირებით მონაცემები, ვიდრე ოფიციალურად უნდა გამოქვეყნებულიყო. sms-ების სახით მიღებული ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის იყო არასრული და შესაძლებელია მონაცემები შეიცვალოს.

გამოცდების ეროვნულ ცენტრში, გუშინ მომხდარ ფაქტზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. ცენტრმა გუშინ მომხდარ ფაქტზე მხოლოდ მცირედი განცხადება გაავრცელა. 

“23 აგვისტოს, საღამოს, ამ პროცესის მიმდინარეობისას, მოკლე ტექსტური შეტყობინების სერვისის გამორთვამდე, აბიტურიენტები, რომლებიც აგზავნიდნენ საკუთარ კოდს ნომერზე 93333, ქულებთან ერთად იღებდნენ იმ მომენტისათვის სისტემაში არსებულ დამატებით ინფორმაციასაც. ამის გამო მოკლე ტექსტური შეტყობინების სერვისი დროებით გაითიშა და აღდგა გათიშვიდან ერთი საათის შემდეგ. ამ ეტაპზე აბიტურიენტები მხოლოდ თავიანთ შედეგებს იღებენ sms-ით,“ - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულ ფაქტს, გამოხმაურება მოყვა ნაციონალურ მოძრაობაში, სადაც აღნიშნეს, რომ ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება მშობლებისა და ბავშვების მიმართ.

„აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ათიათასობით მშობლისა და ბავშვის წინაშე და მეორე, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, აჩენს უამრავ კითხვის ნიშანს, არსებული ინფორმაციის სანდოობასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა მარიამ რამინაშვილმა.

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი

დღის ამბები