გორის რაიონის სოფელ ზემო სობისში რუსული კომბაინი გამოჩნდა. ოკუპანტები იმ მოსავალს იღებენ, რომელიც ჯერ კიდევ გაზაფხულზე საქართველოს მოქალაქეებმა დათესეს. ამ დროის მონაცემებით, საოკუპაციო ძალებმა კიდევ დაახლოებით 6 ჰექტარი მიწის ფართობი მიიტაცეს.
ადგილობრივები ყვებიან, რომ რუსმა ოკუპანტებმა მათ კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბოძები რამდენიმე თვის წინ მას შემდეგ დადგეს, რაც მოსახლეობამ თესვის პროცესი დაასრულა. მათივე ცნობით, ოკუპანტებმა მოსავლის აღება გუშინ საღამოს დაიწყეს, ამ დროისთვის სამუშაოები კი თითქმის ორ ჰექტარ მიწაზეა დასრულებული.
ადგილზე იმყოფება საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, მას უკვე ჰქონდა კომუნიკაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან.
„მე მქონდა ასევე კომუნიკაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან. ვისაუბრეთ ამ ვითარებაზე და იმ მოთხოვნაზე, რომელიც ჩვენ გვექნება. ეს არის არა მარტო სამართლებრივი არამედ ჰუმანიტარული, რომ ადამიანებს, რომლებმაც ამდენი შრომა ჩადეს, ამდენი რესურსი ჩადეს მიეცეთ იმის შესაძლებლობა მაინც, რომ აიღონ კუთვნილი მოსავალი. იმიტომ, რომ მათ უკან ოჯახები დგანან. საუბედუროდ ეს არ არის პირველი შემთხვევა, 2008 წლიდან მოყოლებული ჩვენ ძალიან რთული ვითარება გვაქვს,“ - განაცხადა ციხელაშვილმა.
საოკუპაციო ზოლთან იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. ისინი ცდილობენ იმის გარკვევას თუ რატომ არ ეძლევა ადგილობრივ მოსახლეობას საკუთარი მოსავლის აღების შესაძლებლობა.