"მაიმუნო ვირიშვილო ჩამოდი"-ამჯერად ამ სიტყვებით თბილისის მერს აქციის მონაწილეები მოიხსენიებენ, რომლებიც ამ წუთებში მუნიციპალიტეტთან არიან შეკრებილები. მათ შენობის გარშემო ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული და მერიის მუშაობას აპროტესტებენ.
რამდენიმე წუთის წინ ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, მობილიზებულია მერიის დაცვის სამსახურიც.
აქციის მონაწილეები, მერის დღევანდელ განცხადებას, ჩაშლილ სხდომას და ყაზბეგის გამზირზე მოჭრილ 45 ხეს აპროტესტებენ. მათ სურთ, რომ უკანონოდ მოჭრილი ხეების საქმეზე პასუხი თბილისის მერიის მაღალჩინოსნებმა აგონ, რომელთა ვალდებულება იყო აღნიშნული პროცესის მონიტორინგი.
მერიასთან იმყოფება ალეკო ელისაშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომდგენლები. მათ შორის თბილისის მერიასთან ცოტა ხნის წინ მივიდნენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ პროკურატურაში კიდევ ერთი სარჩელი შეიტანეს, ყაზბეგის გამზირზე უკანონოდ მოჭრილ 45 ხის საქმეზე.
მერიასთან შიმშილობას აგრძელებენ მოძრაობა პარტიზანი მებაღეების წევრებიც.