"არ გაქვს უფლება იყო მერი, შენ ხარ ივანიშვილის ხელდასმული პირი ამ თანამდებობაზე,"- ამ შეძახილებით თბილისის მერს დავით ნარმანიას სასტუმროს გახსნაზე აქციის მონაწილეები დახვდნენ.
აქცია სამართლის თაობის წარმომადგენლებმა მოაწყვეს. მათ მიაჩნიათ, რომ ნამრანიამ თანამდებობა დაუყონებლივ უნდა დატოვოს.
თავად მერი კი გადადგომას არ აპირებს და ამბობს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, თუმცა აღნიშნავს, რომ თმენის ვალდებულება ჰქონდა და წუხს იმ ფრაზების გამო, რაც მან გუშინ, მერიაში გამართულ შეხვედრაზე მყოფი ერთ-ერთი სტუმრის მიმართ გამოიყენა.
"ცალკეული ადამიანების მხრიდან დესტრუქციულ მოქმედებებს ჰქონდა ადგილი, ამან გამოიწვია ეს რეაქცია. თუმცა, მე ვთვლი, რომ არ უნდა გამეკეთებინა ასეთი ტიპის ფრაზები და გამომეჩინა
ის თმენის ვალდებულება, რომელიც საჯარო მოხელეს უნდა ჰქონდეს. ძალიან ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას. გადადგომის საფუძველი არ არსებობს,"- აცხადებს ნარმანია.
ჟურნალისტებთან საუბრის დროს მერი ამბობს, რომ ხვალ საკრებულოს სხდომაზე მივა და საინტერესო განცხადებას გააკეთებს, აქვე ნარმანია ამბობს, რომ ის ყველა დასმულ კითხვას გასცემს პასუხს.