სოფელ მერიაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - ადგილობრივები ფონდ ქართუს კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ და სამუშაოების გაგრძელების საშუალებას არ აძლევენ. სოფლის მოსახლეობამ ის გზა გადაკეტა, რომლითაც Black Sea Arena-ს მიმდებარე ტერიტორიის მოწყობისთვის მდინარე ნატანებიდან ინერტული მასალები გააქვთ.
ადგილობრივების განცხადებით, სამუშაოები ლიცენზიით დაშვებულზე დიდ სიღრმეზე მიმდინარეობს, რის გამოც მათი თქმით, სოფელში ჭები დაშრა.
მოსახლეობა ითხოვს გზის დაგებასაც. მათი განმარტებით, სატვირთო მანქანების მოძრაობით გამოწვეული მტვერის გამო, მერიაში ცხოვრება გაუსაძლისი გახდა.
ქართუს წარმომადგენელი მოსახლეობას ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანადაფინანსებით გზის მოწყობას დაპირდა. ფონდში სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ.