საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს უმასპინძლა. პრეზიდენტთან აუდიენციაზე ოლიმპიელები სრული შემადგენლობით იყვნენ წარმოდგენილი. პრეზიდენტმა ოლიმპიური თამაშების პრიზიორებს პირადად მიულოცა წარმატებული გამოსვლა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა რიოში დასრულებულ თამაშებზე დასახული ამოცანა ზედმიწევნით ზუსტად შეასრულა. ქვეყნის პრეზიდენტმა ოლიმპიური თამაშების პრიზიორები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.
“მინდა მადლობა გითხრათ ქართველი ხალხის სახელით. ის თითოეული ჰიმნი, რომელიც თქვენ გააჟღერეთ, თითოეული ნოტი ამ ჰიმნისა იყო ათი ათასობით ჩვენი მოქალაქის აღტაცებული გულისცემა და ეს თქვენ გააკეთეთ და მადლობა მინდა გითხრათ ამისათვის,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.