პედაგოგთა სასერტიფიკატო გამოცდებზე ჩაბარების მსურველთა თითქმის 80 პროცენტი ჩაიჭრა. მათ შორის ყველაზე ცუდი შედეგი დაწყებითი კლასების პედაგოგებს აქვთ. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოცდების ეროვნული ცენტრისგან გამოთხოვილი, ოფიციალური მონაცემებით 3 024 მოქმედი და მსურველი პედაგოგიდან გამოცდის ჩაბარება მხოლოდ 31-მა შეძლო.
შედეგების კიდევ უფრო გაუარესებას ელოდებიან ექსპერტები. მათი ნაწილის აზრით, მსგავსი კადრებისგან სკოლების გათავისუფლება ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ უნდა მომხდარიყო. სპეციალისტები განათლების სამინისტროს და ზოგადად მთავრობის მიერ არაკვალიფიციური კადრების შენარჩუნების ერთ-ერთ მიზეზად პოლიტიკურ მიზანს ასახელებენ.
პრობლემას არა შედეგში, არამედ გამოცდაში ხედავს განათლების მინისტრი. ალექსანდრე ჯეჯელავა წინასაარჩევნოდ ჩაჭრილ პედაგოგებს საგნის გამოცდების საერთოდ გაუქმებას ჰპირდება.
შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით სატელევიზიო კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა. განცხადებაში კი რომელიც მაია მიმინოშვილის სამსახურმა გაავრცელა ნათქვამია, რომ გამოცდაში მონაწილეობა მოქმედი პედაგოგების გარდა ბევრმა მასწავლებლობის მსურველმაც მიიღო აქედან გამომდინარე ზოგადად მასწავლებელთა კვალიფიკაციაზე მსჯელობა მათი განმარტებით, არაკორექტულია.
ავტორი: ეკა გაგუა.