ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ცენტრ პოინტის საქმეზე შერჩევით სამართალზე საუბრობენ. მათ მიაჩნიათ, რომ რჩეულიშვილის ოჯახის სამი წევრის დაკავებით დაზარალებულების პრობლემები ვერ მოგვარდება.
„ზუსტად ამ შერჩევითი სამართლის არარსებობის შემთხვევაში სამართლიანობის პრინციპის დაცვით, ამ ადამიანების გარეთ ყოფნით იქნება შესაძლებელი დაზარალებული ადამიანების უფლებების დაცვა,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, მარინა დათუკიშვილმა.
პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრი, სერგო რატიანი კი ფიქრობს, რომ ცენტრ პოინტის საქმეზე ხელისუფლების ქმედებები არაადეკვატური და გადაჭარბებულია.
ცენტრ პოინტის დამფუძნებლებს, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს 4-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ. ამასთანავე პროკურატურამ მათ დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურების სანაცვლოდ საპროცესო გარიგება შესთავაზა, თუმცა დაცვის მხარე ამ შეთანხმებას იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ მათ ქონებას ყადაღას მოხსნიან, რათა ამ თანხებით ვალდებულებების შესრულება შეძლონ.
ამ საკითხზე დაცვის მხარის ადვოკატები პროკურატურაში შეხვედრას ხვალ გამართავენ.