18 ნოემბერი 2024,   23:37
ვრცლად
დაპირისპირება iPhone plus-სა და iTechnic-ს შორის - ირკვევა, რომ iTechnic-ის უკან სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე დგას

iPhone plus-ის დამფუძნებელი მამუკა მარღიშვილი ამბობს, რომ მისი კომპანია iTechnic-მა გააკოტრა, რომლის უკან სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, ვალერი ცერცვაძე დგას.

ეს საკითხი უკვე სახალხო დამცველის აპარატმა და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომაც გამოიკვლიეს. მათ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვალერი ცერცვაძის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანეს.

iPhone plus-ის დამფუძნებელი მამუკა მარღიშვილი ვალერი ცერცვაძეს და მისი ოჯახის წევრებს თავისი კომპანიის მიზანმიმართულ გაკოტრებაში ადანაშაულებს. მარღიშვილის მტკიცებით, მოტივი კონკურენციაა.

ვალერი ცერცვაძე და მისი ოჯახის წევრები ამტკიცებდნენ, რომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს iTechnic-თან არაფერი აკავშირებდა. მათ შორის არც ვალერი ცერცვაძის მეუღლეს, iTechnic-ის გენერალურ მენეჯერს.

დღეს iPhone plus-ის დამფუძნებელი საქმის გაჭიანურებაში უკვე იუსტიციის უმაღლეს საბჭოსაც ადანაშაულებს. მათ საჩივარს საბჭოში პირველ ეტაპზე სამოსამართლო ეთიკის დეპარტამენტი სწავლობს, რომლის ხელმძღვანელიც ვალერიან გავაშელია.

iPhone plus-ში ამტკიცებენ, რომ ვალერი ცერცვაძე ვალერიან გავაშელის მეჯვარე და ბავშვის ნათლიაა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეების წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების განხილვა კონფიდენციალურია და არც განხილვის ვადებია დაზუსტებული. ვალერი ცერცვაძეს მოსამართლეობის ვადა ნოემბერში ეწურება. მოსამართლეობის ვადის ამოწურვა კი მოსამართლის წინააღმდეგ დაწყებული დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია.

ავტორი: ლაშა კვესელაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები