18 ნოემბერი 2024,   23:20
ვრცლად
შემცირებული დაფინანსება და გამოჯანმრთელების შანსის გარეშე დარჩენილი ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტები

ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტებისთვის სპეციალური სამკურნალო განყოფილებები შემცირდა. პაციენტებისთვის სპეციალური განყოფილებები ჩვეულებრივ კერძო კლინიკებში ფუნქციონირებდა, სადაც სხვადასხვა დაავადებას მკურნალობენ. ფსიქიატრიული პრობლემების მქონე პაციენტებს, ქვეყნის მასშტაბით სულ სამი მრავალპროფილური კლინიკა ემსახურებოდა, მაგრამ დღეს მხოლოდ ერთი დარჩა. 

მიზეზი, სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების შემცირება გახდა. საავადმყოფოებს აღარ ჰყოფნით თანხები ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტების სამკურნალოდ და უარი თქვეს მათ მიღებაზე.

თემქის ნომერ მეხუთე საავადმყოფოს, ბავშვთა ფსიქიატრიული განყოფილება, რომელშიც 10 საწოლი დგას, ფუნქციონირებას აგრძელებს, თუმცა ფსიქიატრიული საავადმყოფოების დაფინანსების წესის ცვლილებამ, იმავე დაწესებულებაში არსებული მოზრდილთა პალატები შეიწირა. საქართველოს მთავრობის მიერ 2016 წლის 30 დეკემბერს მიღებული დადგენილებით, მწვავე შემთხვევის დაფინანსება შემცირდა და 840 ლარის ნაცვლად 690 ლარით განისაზღვრა. 

ჯანდაცვის სამინისტრო ფსიქიატრებს არსებული ვაუჩერული დაფინანსების არაკეთილსინდისიერ გამოყენებაში ადანაშაულებს და ცვლილებას რეჰოსპიტალიზაციის მაღალ მაჩვენებელს უკავშირებს.

სახელმწიფომ კონკრეტული ფაქტების აღმოჩენის და კლინიკების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებების გატარების ნაცვლად, დაფინანსების შემცირება გადაწყვიტა.

ფსიქიატრიული საჭიროების მქონე ადამიანებისთვის ქვეყანაში 1390 საწოლია განსაზღვრული და ჯანდაცვის სამინისტროს მტკიცებით 60 ერთეულის გამოკლება, დასახული სტრატეგიიდან გადახვევაზე არ მეტყველებს. ის, რომ ფსიქიატრიის სფეროში პრობლემები საკმარისზე მეტია, სახალხო დამცველის უკანასკნელი ანგარიშითაც აშკარაა. 

ავტორი: გიორგი გვიშიანი. 

დღის ამბები