გაზეთ ქრონიკა პლიუსის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, შს მინისტრის ყოფილ მოადგილეზე გელა ხვედელიძეზე განხორციელებულ თავდასხმას, სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილეს უკავშირებს.
ჟურნალისტი ამბობს, რომ სოსო გოგაშვილმა გელა ხვედელიძეზე შური იძია.
მისი თქმით, საქმე ეხება ქრონიკა პლიუსში გამოქვეყნებულ მასალას, რომელიც კილაძის თქმით, გოგაშვილის მიერ ნარკოტიკული ნივთიერებების "დაკრიშვას" ეხებოდა.
„მე გამოვაქვეყნე რამდენიმე სკანდალური მასალა, ხვალინდელ ნომერში ასევე ქვეყნდება სკანდალური მასალა. ეს ეხება იოსებ გოგაშვილის მხრიდან სინთეტიკური ნარკოტიკის ე.წ. ბიოს გაყიდვის დაკრიშვას და ბუნებრივია მისთვის ეს იყო ბოლო წვეთი, როდესაც უჩა მამაცაშვილისგან მიიღო უარი მფარველობაზე და როდესაც რეალურად გადაწყვეტილია მისი თანამდებობიდან გაშვება. ეს იყო მისი მარტივი შურისძიება," - განაცხადა კილაძემ.
შემთხვევის ადგილზე, სამართალდამცავებმა მუშაობა რამდენიმე წუთის წინ დაასრულეს. გელა ხვედელიძის საცხოვრებელ სახლთან კრიმინალისტები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ადგილზე აიღეს გამოსაკვლევი მასალა.
მომხდარ თავდასხმას თვითმხილველები ჰყავს, თუმცა ისინი ამ ეტაპზე მედიასთან საუბრისგან თავს იკავებენ. ნაწილი კი ყვება, რომ მათ თავდასხმის შესახებ მას შემდეგ გაიგეს, რაც გელა ხვედელიძის მეუღლე სამედიცინო სამსახურის გამოძახებას ითხოვდა.
ხვედელიძეს პირველადი სამედიცინო დახმარება თარხნიშვილის ქუჩაზე მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში აღმოუჩინეს.