18 ნოემბერი 2024,   23:30
ვრცლად
"შოთა მზად არის მიაწოდოს გამოძიებას ინფორმაცია, თუ კონკრეტულად რა ქმედებები განხორციელდა,“ - პაკელიანის ადვოკატი

შოთა პაკელიანის ადვოკატის თქმით, დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ადვოკატი, პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დაკავებულის დაკითხვას მოითხოვს.

„შევიდნენ პროკურატურის გამომძიებლები, რომლებიც იძიებენ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით საქმეს და ვითხოვეთ მათთან შეხვედრა, რადგან შოთა მზად არის მიაწოდოს გამოძიებას ინფორმაცია, თუ კონკრეტულად რა ქმედებები განხორციელდა,“ - განაცხადა შოთა პაკელიანის ადვოკატმა გიორგი მახარაძემ.

შოთა პაკელიანის კიდევ ერთი ადვოკატი ზურაბ თოდუა იმ ვიდეო მასალის შესახებ საუბრობს, რომელიც მეშვიდე განყოფილების სათვალთვალო კამერებს აქვთ დაფიქსირებული. ადვოკატმა უკვე დააყენა ვიდე ომასალის გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობა.

„მე ვფიქრობ, რომ ამ ვიდეო თვალის მიერ დაფიქსირებული კადრები, წერტილს დაუსვამს ამ საქმეს და აშკარად გამოჩნდება ის უმსგავსობები, რასაც პოლიციის თანამშრომლები ჩადიოდნენ პაკელიანის მიმართ,“ - განაცხადა ზურაბ თოდუამ.

ოჯახის წევრების განცხადებით, დაკავებისას პოლიციის თანამშრომლები პაკელიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით კი, პაკელიანმა გაქცევა სცადა და დაზიანებებიც ამ დროს მიიღო.

დღის ამბები