საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა, შოთა პაკელიანის საქმესთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ამგვარი საქმეები უნდა გამოიძიოს პროკურატურამ, რათა იყოს მიუკერძოებელი გამოძიება.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ძიების მიმდინარეობის დროს გამოიკვეთა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი, შინაგან საქმეთა სამინისტრო თანამშრომლობისთვის მზად არის.
„ასეთი საქმეები, ჩვენი სურვილი და პოზიციაა, რომ გამოიძიოს პროკურატურამ, რომ იყოს ნეიტრალური და მიუკერძოებელი გამოძიება. აქ შემიძლია ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ თუ ჩვენი თანამშრომლები აღმოჩნდებიან დამნაშავეები, ჩვენ მათი პასუხისმგებლობის საკითხზე ვითანამშრომლებთ. ამ ბოლო დროს არის გარკვეული სპეკულაციები, იმ პირების მხრიდან, რომლებიც არიან სხვადასხვა დანაშაულთან დაკავშირებული. რაღაც თავდაცვის ინსტრუმენტის შესაქმნელად, ისინი ხანდახან იყენებენ ხოლმე ამ ცნობების გავრცელებას, რომ პოლიციაში მოხდა არასათანადო მოპყრობა და ა.შ. ასეთი შემთხვევები, სამწუხაროდ, გვაქვს. ეს არის მიუღებელი,“ - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პოლიციის მხრიდან ძალაუფლების შესაძლო გადამეტებასთან დაკავშირებით შოთა პაკელიანი ჩვენებებს პროკურატურას აძლევს.