ქუთაისში დღეს კოპიტნართან დამაკავშირებელი სარკინიგზო სადგურის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. ახალი სარკინიგზო სადგური კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით სარგებლობას, რომელიც ევროპის მიმართულებით იაფ ავიახაზებს ემსახურება. იმერეთის რეგიონში იმყოფება პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც, რომელმაც, რამდენიმე წუთის წინ, ქუთაისის პირველი ბრენდირებული სასტუმროს გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
პირველი ბრენდირებული სასტუმროს გახსნის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ისაუბრეს მთავრობის წარმომადგენლებმა. ისინი რეგიონში ტურიზმის განვითარების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
„ეს არის პირველი საერთაშორისო ბრენდი ქუთაისში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არის 3 ვარსკვლავიანი. ეს ის სეგმენტია, რომელიც დღეს ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება,“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ.
ეს არის 3 მილიონიანი პროექტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საპარტნიორო ფონდმა. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის თქმით, სასტუმროში იქნება 50 ნომერი, მათ შორის 4 ლუქსი. მისი თქმით, სასტუმრო მთლიანად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის.