ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს. მათთან ერთად აქციაზე ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელიც იმყოფებოდა. ზაზა ხატიაშვილის თქმით, ოთხშაბათს 13:00 საათზე მოშიმშილეები კარვის დადგმას გეგმავენ, სადაც სავალი გზა არ გადაიკეტება.
„მივმართავთ პრემიერმინისტრს, თუ მოხდება ჩვენი დარბევა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან და უკანონო ჩარევა, ასევე მივუთითებთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, მთლიანი სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება პრემიერ კვირიკაშვილს,“ - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
მთავრობის ადმინისტრაციიდან კი დაზარალებულმა მოვაჭრეებმა თბილისის საკრებულოსთან გადაინაცვლეს და ამ წუთებში საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ხელისუფლებისგან ითხოვენ პასუხს იმ მოთხოვნაზე, რაც მოვაჭრეებმა რამდენიმე დღის წინ წამოაყენეს. საუბარია დაზარალებულებისთვის 5000 ლარიანი კომპენსაციების გაცემასთან დაკავშირებით.
მოვაჭრეებს ასევე კითხვები აქვთ ხელისუფლების დაპირებასთან დაკაშირებითაც, რაც არა 5 000, არამედ 3 000 ლარიან კომპენსაციას ითვალისწინებს.
აქციის მონაწილეები საკრებულოსგან იმ 60 კაციანი სიის გასაჯაროებასაც ითხოვენ, რომელსაც საკრებულოს უმრავლესობის განცხადებით, 3000 ლარიანი კომპენსაციები უკვე გადაეცათ. მოვაჭრეები ამბობენ, რომ არცერთ დაზარალებულს აღნიშნული თანხა არ აუღია.
ავტორი: გიგლა თუმანიშვილი.