ე.წ. მოსმენების კანონის თემაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძე, მოძრაობა ეს შენ გეხებას წევრებს შეხვდა, სადაც კანონის გასაჩივრების გეგმა განიხილეს.
როგორც ირკვევა, არასამთავრობო ორგანიზაციები კვირის ბოლოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტი მათ შეუერთდება და საკონსტიტუციო სასამართლოს ე.წ. მოსმენების საკითხზე მიმართავს.
„საზოგადოებას და სახელმწიფოს აქვს მაღალი ინტერესი ფარული მიყურადების ახალი, გამართული, დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებისათვის. საზოგადოების ერთი ნაწილი აპირებს, რომ კანონი, რომელიც ახლახან მიიღო პარლამენტმა, გაასაჩივროს საკონსტიტუციო სასამართლოში. პრეზიდენტი ამ თემას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს, რაც გამოიხატებოდა მის სამ ვეტოში. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მუდმივ კონტაქტში ვიყოთ ამ ჯგუფებთან და ვითანამშრომლოთ ამა თუ იმ ფორმით,“ - განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ ფარული მიყურადების შესახებ არსებული კანონის ფარგლებში სახელმწიფო კვლავ რისკის წინაშე დგას.