ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკს 250-წლიანი გიგანტური მცენარე შეეწირა. წიფელი ტრანსპორტირების დროს შუაზე გადატყდა და უკვე საშეშე მასალად იქცა.
წაქცეულმა ხემ ნატანები-ლეკურის დამაკავშირებელი გზა მთლიანად ჩახერგა. შემთხვევის დროს ელექტროგადამცემი ხაზებიც დაზიანდა.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ ხეების გადატანა დაუშვებელია და, რომ ეს პროცესი ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა შეაჩეროს.
ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ სწორედ დუმილის სანაცვლოდ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსის მოადგილედ უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, ალეკო ჩიტიშვილი, დანიშნა.
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, მან საკადრო ცვლილება მხოლოდ პროფესიონალიზმის გათვალისწინებით მიიღო.