18 ნოემბერი 2024,   23:41
ვრცლად
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში განვითარებული მოვლენები - ანა ფოტიგა განცხადებას ავრცელებს

ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ანა ფოტიგა შეშფოთებას გამოთქვამს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნებისა და 9 აპრილს ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების გამო და აღნიშნავს, რომ ორივე რეგიონში ძალისმიერი გზით შეცვლილი დემოგრაფიული ვითარების ლეგიტიმაციის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია.

ანა ფოტიგა გმობს ოკუპირებულ ცხინვალში სახელის შეცვლასთან დაკავშირებით დაგეგმილ რეფერენდუმსაც და ამ გადაწყვეტილებას აფასებს, როგორც უკანონო ანექსიისთვის საფუძვლის მომზადებას.

ევროპარლამენტარი მოუწოდებს დემოკრატიულ სამყაროს, ადეკვატური შეფასება მისცეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფასა და ოკუპირებული რეგიონების რუსეთის ფედერაციასთან ეტაპობრივად მიერთების პროვოკაციულ მცდელობებს.

ანა ფოტიგა ასევე გმობს რამდენიმე დღის წინ, ოკუპირებული ცხინვალსა და რუსეთს შორის გაფორმებულ მორიგ სამხედრო შეთანხმებას.

"ევროკავშირმა ნათლად უნდა აჩვენოს, რომ მსგავსი პროვოკაციული ქმედებებით, რუსეთის ფედერაცია სერიოზულ ზიანს აყენებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს და მიზანმიმართულად აფერხებს ნებისმიერი პროგრესის მიღწევის შესაძლებლობას სამშვიდობო პროცესში," - წერს ანა ფოტიგა.

დღის ამბები