კომპანია ართანა ლოპოტა ჰესის ასაშენებლად საბოლოო ნებართვას ელოდება, სოფლის მოსახლეობა კი აქციებისთვის ემზადება. ადგილობრივები მშენებლობის დაწყებას აპროტესტებენ, რაც მათი შეფასებით, დასახლებას მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს. მოსახლეობა ვარაუდობს, რომ ჰესისთვის ტერიტორიის გათავისუფლებით მწვანე საფარის დიდი ნაწილი გაიჩეხება.
სოფელ ართანას მაცხოვრებლები თელავში დღეს ჰესის მშენებლობის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები კონკრეტულ ინტერესებზეც საუბრობენ. თელავის საკრებულოს წევრი ამბობს, რომ სოფელ ართანას თავზე მდინარის სათავეში მცირე ჰესის მშენებლობის უკან, ვიცე პრემიერ კახი კალაძის ინტერესები დგას.
კომპანიას საბოლოო ნებართვები ჰესის მშენებლობაზე ჯერ მიღებული არ აქვს. თუმცა, ართანა ლოპოტაში ვარაუდობენ, რომ ამ პრობლემის მოგვარებას მაისამდე შეძლებენ. პარალელურად, პერმანენტული აქციების გამართვას აპირებს ადგილობრივი მოსახლეობა. ართანას მაცხოვრებლები ამბობენ, რომ კომპანიას ჰესის აშენების უფლებას არ მისცემენ.