18 ნოემბერი 2024,   23:41
ვრცლად
ელენე ახვლედიანის შთამომავლები გამოსახლების მოლოდინში

ცნობილი ქართველი მხატვრის ელენე ახვლედიანის შვილიშვილის 8 სულიან ოჯახს ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრება. კავსაძის ქუჩაზე 78 კვადრატული ფართობის სახლი, რომელშიც ამ დრომდე ცხოვრობენ, აუქციონზე კერძო იპოთეკარმა 5 ათას ლარად გაყიდა, ამის შესახებ ოჯახის წევრებმა კი მხოლოდ 2 კვირის წინ გაიგეს.

კერძო იპოთეკარსა და ახვლედიანის ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობა 2 წლის წინ დაიწყო, ელენე ახვლედიანის შვილიშვილის ირაკლი ახვლედიანის სიდედრმა სახლი კერძო იპოთეკართან 10 ათასი ლარის სანაცვლოდ ჩადო. 2 თვიანი დავალიანების გადაუხდელობის გამო კი, საქმე აღსრულების ბიურომდე მივიდა.

საკუთარი თანხის დასაბრუნებლად კერძო იპოთეკარმა მაია კარიაულმა სამართალდამცავებს მიმართა. მას შემდეგ, რაც დავის დაწყების შესახებ ახვლედიანის სიდედრმა გაიგო, გულის შეტევით გარდაიცვალა.

აღსრულების შეჩერებაზე სარჩელი სასამართლოში ახვლედიანების ოჯახმა უკვე შეიტანა. უარყოფითი პასუხი კი, ოჯახმა მალევე მიიღო. ახვლედიანის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ სასესხო ხელშეკრულება უკანონოდ გაფორმდა. თანხის აღების მომენტში ახვლედიანის სიდედრს ჯანმრთელობის მწვავე პრობლემა ჰქონდა, რა დროსაც ხელშეკრულების გაფორმება დაუშვებელია.

 

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი. 

დღის ამბები