19 მაისი 2024,   10:45
ვრცლად
"უკანონო ანექსიისათვის საფუძველის მომზადება" - ოფიციალური თბილისი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მიმდინარე ე.წ. რეფერენდუმსა და არჩევნებს ეხმაურება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მიმდინარე ე.წ. არჩევნებსა და რეფერენდუმს ეხმაურება და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნული ქმედება მიზნად ისახავს რეგიონის უკანონო ანექსიისათვის საფუძველის მომზადებას. უწყების განმარტებით რეფერენდუმისა და არჩევნების ჩატარება არის რუსეთის საოკუპაციო ძალების პროვოკაციული ქმედება, რაც უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

“საერთაშორისო სამართლის თანახმად, ნებისმიერი ე.წ. არჩევნები ან რეფერენდუმი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის უკანონო და არ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს. რუსეთის საოკუპაციო ძალის ეს პროვოკაციული ქმედება უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და წარმოადგენს ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის შედეგების, სამხედრო ინტერვენციისა და საქართველოს რეგიონების ოკუპაციის ლეგიტიმაციის მორიგ მცდელობას.
 
“საქართველოს უძველესი რეგიონისათვის რუსეთის ფედერაციული სუბიექტის მსგავსი სახელის - „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიის სახელმწიფო“ - დარქმევასთან დაკავშირებით ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება მიზნად ისახავს რეგიონის უკანონო ანექსიისათვის საფუძველის მომზადებას. ეს განზრახვა მკაფიოდ წარმოჩინდა ახლახანს ხელმოწერილი ე.წ. შეთანხმებითაც, რომელიც ცხინვალის რეგიონის სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში გაერთიანებას ითვალისწინებს. 
 
“მსგავსი პროვოკაციული ქმედებებით რუსეთის ფედერაცია მიზანმიმართულად აფერხებს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების ძალისხმევას, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში და ხელს უშლის საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას.
 
“საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს ცხინვალის რეგიონში უკანონოდ მიმდინარე ე.წ. არჩევნებსა და რეფერენდუმს და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და გაიყვანოს თავისი სამხედრო შენაერთები საქართველოს ტერიტორიიდან.”

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რიგით მე-6 ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი მიმდინარეობს. 77 საარჩევნო უბანი რეგიონში დილის 8:00 საათზე გაიხსნა. ე.წ. პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად სამი კანდიდატი იბრძვის, მათ შორის საოკუპაციო რეჟიმის ამჟამინდელი ლიდერი ლეონიდ თიბილოვი, პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი და უშიშროების სამსახურის თანამშრომელი ალან გაგლოევი. ე.წ. პრეზიდენტის არჩევის გარდა, ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობამ სამხრეთ ოსეთისთვის სახელის ალანიად გადარქმევის საკითხიც უნდა გადაწყვიტოს. საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, პროცესს 80-მდე უცხოელი დამკვირვებელი ადევნებს თვალს.

დღის ამბები