პარლამენტის წინ, 9 აპრილის მემორიალთან, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპული ადამიანების ხსოვნას პატივი მიაგეს.
„ეს იყო გამოხატვა ქართველი ერის ნების, რომელმაც იმის შემდეგაც რამდენჯერმე ძალიან მტკიცედ გამოხატა თავისი ნება დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ევროპულ ოჯახში დაბრუნების მიმართულებით და ეს ახალგაზრდები, ძალიან სამწუხაროა, რომ შეეწირნენ ამ ქართველი ხალხის ნების გამოხატვას და დღეს ძალიან მძიმე დღეა ერთი მხრივ და მეორე მხრივ, საზეიმოც, იმიტომ რომ ფუჭი არ ყოფილა მათი მსხვერპლი და ბრძოლა,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მემორიალთან საქართველოს საგარეო უწყების მინისტრი, მიხეილ ჯანელიძეც იმყოფებოდა, მისი განცხადებით, 9 აპრილს დაღუპული ადამიანებისთვის პატივის მიგება ყველა ქართველის ვალია.
ქალაქ თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, დღევანდელი დღე ქართველი ხალხის სიძლიერისა და ნების გამოხატვის სიმბოლოა. მისი თქმით, 9 აპრილს დაღუპული თითოეული ადამიანის შემართება და თავგანწირვა ნებისმიერი მოქალაქისთვის სამაგალითოა.