ამ წუთებში პარლამენტის შენობასთან აქცია იმართება. ცოტნე გამსახურდია და თავისუალი საქართველოს წარმომადგენლები ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების დაწყებას ითხოვენ. მათი განცხადებით, საქმის გამოძიება თითქმის აღარ მიმდინარეობს.
ცოტნე გამსახურდია ამბობს, რომ პროკურატურამ ოჯახის წევრები საქმეში დაზარალებულ მხარედ არ სცნო, რაც იმას ნიშნავს, რომ ზვიად გამსახურდიას საქმის მასალებზე მათ წვდომა არ ექნებათ.
„ჩვენ მივიღეთ ღია, ცინიკური პასუხი პროკურატურისაგან, რომ ისინი უბრალოდ ვერ ხედავენ ამ საქმეში დანაშაულის ნიშნებს. ეტყობა ისინი დარწმუნდნენ, რომ უკვე ვეღარ მოგვატყუებენ ამ თემაზე. ჩვენ მოვითხოვთ ამ საქმის გამოძიებას. ჩვენ მოვითხოვთ ასევე იმ წლების მოვლენების მიჩუმათების შეწყვეტას და ამ ყველაფრის შეფასებას. ჩვენ დამოკიდებული ვართ ერთი კაცის ნება-სურვილსა და ხუშტურებზე. არანაირ გასაქანს არ აძლევს, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივ აზრს და ინტელექტს, რომ გააანალიზოს საკუთარი ყოფა,“ - განაცხადა ცოტნე გამსახურდიამ.
აქციას პარტია თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარე, კახა კუკავა ესწრებოდა. მისი განცხადებით, დღეს ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება.
„მოთხოვნა არის ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიება, თუმცა ეს კამპანია აუცილებლად მიიღებს უფრო ფართომასშტაბიან ხასიათს,“ - განაცხადა კახა კუკავამ.