მოძრაობა არა ჩადებას ახალი ინიციატივით მმართველ გუნდთან კონსულტაციების დაწყებას გეგმავს. განახორციელებენ თუ არა სამართალდემცველები დაკავებების ვიდეო გადაღებებს, ჯერჯერობით უცნობია.
ოპოზიციის აზრით, ინიციატივის განხორციელება აუცილებელია, რათა ადამიანის უფლებები და პოლიციის რეპუტაცია დაცული იყოს.
„ყველა პოლიციელს, რომელიც გადის ოპერაციაზე, რომელიც ატარებს გადაუდებელ ან სასამართლო განჩინებით აღებულ ჩხრეკა-ამოღებას, ჰქონდეს კამერა, რომ გამოიციხოს ყველა სახის კითხვის ნიშანი და ხელის შევუწყოთ როგორც პოლიციის ავტორიტეტის ზრდას, ისე საზოგადოებაც დავიცვათ პოლიციელის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებისგან,“ - პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, ოთარ კახიძე.
უმრავლესობაში ამ ინიციატივას ნაწილობრივ ეთანხმებიან. მათი აზრით, ეს საკითხი შესაძლოა ტექნიკურ პრობლემებთან იყოს დაკავშირებული, რადგან კამერებით ყველა პოლიციელის უზრუნველყოფა ხარჯებთან არის დაკავშირებული.
„მე გამოვრიცხავ იმას, რომ ეს სისტემური პრობლემა არის, თუ სადმე რამე შემთხვევა იყო ასეთი, ამასაც, ბუნებრივია, ყურადღება უნდა მიექცეს,“ - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე.
ნაციონალურ მოძრაობაში კი ფიქრობენ, რომ ჩადების მეთოდი სრულიად მიუღებელია და ქვეყნისთვის სისტემურ პრობლემას წარმოადგენს.
„ეს არის სისტემური პრობლემა და ცხადია, რომ სისტემური მიდგომა სჭირდება და თუ საკანონმდებლო დონეზე ამის უზრუნველყოფა მოხერხდება, მნიშვნელოვანი იქნება,“ - განაცხადა ნინო კალანდაძემ.