სახალხო დამცველი რეკომენდაციით გამოდის - ძალოვანი უწყების თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ვიდეოკამერების საშუალებით დააფიქსირონ. უჩა ნანუაშვილის რეკომენდაცია პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების მზარდ დინამიკას უკავშირდება.
სახალხო დამცველის თქმით, საპატრულო პოლიციასთან ერთად, სამხრე ვიდეო კამერებით შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა დეპარტამენტის თანამშრომლებიც უნდა აღიჭურვონ.
„რაზეც გვაქვს განსხვავებული პოზიცია, ეს უკავშირდება სამხრე ვიდეო-კამერებს, რომელიც დღეს მხოლოდ პატრულის თანამშრომლებს გააჩნიათ და არა პოლიციის სხვა ქვედანაყოფებს, მათ შორის კრიმინალურ პოლიციას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის დამატებითი ბერკეტი, იმისთვის, რომ მოხდეს პრევენცია უფლებების დარღვევის და ასეთი ინციდენტები უფრო ხშირად სწორედ კრიმინალურ პოლიციასთან არსებობს,“ - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.
ნანუაშვილის რეკომენდაციას არ ეთანხმებიან სამინისტროში და მიაჩნიათ, რომ სტატისტიკა განგაშის საფუძველს არ იძლევა.
„ორი ძირითადი არგუმენტი არის, რის გამოც ჩვენ არ ვიზიარებთ ამას. პირველი ის, რომ ეს არის დაკავშირებული ძალიან დიდ დანახარჯებთან და მეორე, ამის არანაირი საერთაშორისო სტანდარტი არ არსებობს. სადაც კი ყველაზე დიდი პრეტენზიები არის კრიმინალური პოლიციის მუშაობასთან დაკავშირებით, იმ ქვეყნებშიც კი ჩვენ ვერ ვნახეთ რაიმე რეკომენდაცია, რომ კამერებით აღიჭურვოს,“ - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა.