ვაშინგტონში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ნატოს გენერალურმა მდივანმა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებზე ისაუბრა.
იანს სტოლტენბერგის თქმით, არავის აქვს უფლება ჩაერიოს ამა თუ იმ ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პროცესში და საბოლოო გადაწყვეტილებას თავად ასპირანტი ქვეყანა და ალიანსი, ერთობლივად იღებენ.
სტოლტენბერგი საკუთარ გამოსვლაში ყირიმსა და საქართველოში განხორციელებულ რუსულ აგრესიასაც შეეხო.
“საქართველო ახორციელებს შთამბეჭდავ რეფორმებს, აძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ახდენს თავდაცვითი სტრუქტურების მოდერნიზებას და ებრძვის კორუფციას. ეს ყველაფერი ნატოში გაწევრიანების ნაწილია. მე ყოველთვის ვუსვამ ხაზს, რომ რეფორმების გატარება კარგია, რადგან უახლოვდები ნატოს. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მიზანი ნატოსთან დაახლოება არ არის, კორუფციას უნდა ებრძოდე და დემოკრატიულ ინსტიტუტებს აძლიერებდე. ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, ამას ორმაგი მიზანი აქვს, რადგან მისი მიზანი ნატოს წევრობაა. ნატო მხარს უჭერს მას რეფორმების პროცესში,” - განაცხადა სტოლტენბერგმა.
რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა ნატოში კურტ უოკერმა. მისი თქმით, რუსეთის აგრესიული ქმედებების, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ნატოს რეაქცია შენელებული იყო. ვოკერი მიანიშნებს, რომ რომ შეერთებული შტატები და ნატო დღეს ამის კომპენსირებას ახდენს.
ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა აშშ-ში საქართველოს ელჩმაც. დავით ბაქრაძის თქმით, ხაზგასმით არის აღნიშნული ის, რომ საქართველო არის ასპირანტი ქვეყანა და ამ მიმართულებით ქვეყანა სწორ რეფორმებს ახორციელებს. მისივე განცხადებით, საქართველო წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კანდიდატს ნატოს წევრობისა.
რუსეთი იყო ერთ-ერთი თემა დღეს ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ახლად დანიშნული დირექტორის, მაიკ პომპეოს მოხსენებაზეც, რომელიც სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში ჩატარდა.