საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობისგან ახსნა-განმარტებებს 12 არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს. მთავარი კითხვა, ბოლო სამი თვის განმავლობაში, გაზრდილ საკადრო შტატებს და სახელფასო ხარჯს უკავშირდება.
სულხან სალაძის ინფორმაციით, ბოლო სამი თვის განმავლობაში, არხის ხელმძღვანელობამ 30 ახალი თანამშრომელი მიიღო. მათი უმრავლესობა კი ტელეკომპანია GDS-ის ყოფილი თანამშრომელია.
სამოქალაქო სექტორისა და მედიის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებისთვის დამატებით კითხვებს არხის ახალი თანამშრომლების შრომის ანაზღაურებაც აჩენს. მათი ინფორმაციით, 30 ახალ თანამშრომლის ერთი თვის ხელფასი, დაახლოებით 76 ათასი ლარია, მაშინ როცა 82 ათასი ლარია იმ 63 თანამშრომლის ანაზღაურება, რომლებსაც ხელშეკრულება, წლის დასაწყისში, რეორგანიზაციის ეტაპზე გარკვეული ვადით გაუგრძელდათ.
არასამთავრობო სექტორში არ გამორიცხავენ, რომ არხზე მიმდინარე საკადრო ცვლილებები სარედაქციო პოლიტიკას უკავშირდება.
არასამთავრობო სექტორის მიმართვას საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა არ ეხმაურება. მიმართვის ავტორები კი აცხადებენ, რომ არხის წარმომადგენლები ზოგად განმარტებებში საკადრო გადაწყვეტილებებს კადრების საჭიროებით ხსნიან.