თითქმის ყველა ე.წ. საზღვრისპირა სოფელში აღდგომის დღესასწაულზე ოჯახის წევრების საფლავებზე გასვლა ქართველი სამართალდამცველების თანხლებით უწევთ.
ზუსტი მონაცემები არ არსებობს, თუმცა, 2008 წლის შემდეგ, ათობით სასაფლაო მავთულხლართების მიღმა დარჩა, რის გამოც საფლავების დიდი ნაწილი წლების განმავლობაში მიტოვებულია.
ე.წ. საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობა ყვება, რომ ადგილზე მისვლას, საფლავების მოწესრიგებას და სანთლის დანთებას თავისუფლად ვერ ახერხებენ.
მე-9 აღდგომაა, სოფელ კირბალის მოსახლეობა საფლავებზე ერთდროულად გადის. ამბობენ, რომ ასე უფრო უსაფრთხოდ არიან, რადგან ე.წ. მესაზღვრეები ყველასთვის წინააღმდეგობის გაწევას ვერ ბედავენ. წლის განმავლობაში კი თავდასხმის ან გატაცების შიშით, საფლავებს, თითქმის, არავინ აკითხავს.