აფრიკის კონტინენტზე მდებარე ქვეყანა, ტანზანია, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი სახელმწიფოა. ეს ქვეყანა ასევე იმით გამოირჩევა, რომ აფრიკის ყველაზე მაღალი მთა, კილიმანჯარო, სწორედ აქ მდებარეობს.
პოსტსკრიპტუმი ტანზანიას World Vision-ის ფონდის გლობალური პროექტების მენეჯერთან, გიორგი ხაჟომიასთან ერთად ესტუმრა.
გიორგი ხაჟომია ტანზანიის მიუვალ სოფლებში ე.წ. ტაბლეტბანკის პროექტის მენეჯერია. ამ პროგრამის მეშვეობით ადგილობრივებს, რომლებსაც პირადობის დამადასტურებელი საბუთიც კი არ გააჩნიათ, 20-დან 300 დოლარამდე სესხებს აძლევენ. შეღავათიანი სესხების დახმარებით ტანზანიელები საკუთარ მეურნეობებს ავითარებენ.
როგორც აღმოჩნდა, ტანზანიელებსა და ქართველებს 2 რამ აერთიანებთ: მრავალხმიანი სიმღერა და ღომი. ქართული ღომის მსგავს კერძს ადგილობრივები ხშირად ამზადებენ, რომელსაც "უგალის" უწოდებენ.
ცივილიზაციას მოწყვეტილი ტომები ცხოველთა ველური სამყაროს, ლომების, ლეოპარდებისა, სპილოებისა და ჟირაფების მეზობლად ცხოვრობენ. ტანზანიაში ველური ბუნების დასათვალიერებლად საფარი-ტურებით მრავალი ტურისტი ჩადის.
მიუხედავად იმისა, რომ აქ მსოფლიოში, ფაქტობრივად, ყველაზე ღარიბი ადამიანები ცხოვრობენ და გამოკითხვების მიხედვით, ადგილობრივები თავს ყველაზე უბედურად გრძნობენ, ტანზანიელების ენაზე - სუაჰილიზე სიტყვები - "ჰაკუნა მატატა" (ყველაფერი კარგად იქნება), მთელმა მსოფლიომ იცის.
ავტორი: თენგიზ გოგოტიშვილი.