თბილისის საკრებულოს 50 დეპუტატს 35 ავტომანქანა ემსახურება. მათი მოვლა დედაქალაქის ბიუჯეტს მხოლოდ 2016 წელს 105 ათასი ლარი დაუჯდა. საკრებულოდან მიღებული ოფიციალური ინფორმაცია ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორმა გამოაქვეყნა.
ორგანიზაციის წევრები თბილისის საკრებულოს მონაცემებს ლონდონის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ გასაჯაროებულ ინფორმაციას ადარებენ. მანქანების მოვლის გარდა, ბიუჯეტიდან ათი ათასობით ლარი საწვავშიც იხარჯება. ამავე ორგანიზაციის მიერ გასაჯაროებული კიდევ ერთი ინფორმაციის მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარემ და მისმა სამმა მოადგილემ 2 წლის განმავლობაში 62 ათასი ლიტრი საწვავი მოიხმარეს.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ბიუჯეტის ხარჯზე საკრებულოსთვის ასეთი პირობების შექმნა მხოლოდ უმრავლესობის დეპუტატების პირად ინტერესებს ემსახურება. 35 ძვირადღირებული მანქანიდან 4 საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების თავმჯდომარეებს, დანარჩენი კი მმართველი გუნდის დეპუტატებს ემსახურებათ.
ქართული ოცნების არცერთ წარმომადგენელს არ უსაუბრია დღეს იმის შესახებ, რაში გამოიყენებენ ისინი საკრებულოს ბალანსზე არსებულ ტრანსპორტს და სად ხარჯავენ საწვავს, რომლის შესყიდვაც ასევე ბიუჯეტის ხარჯზე ხდება.