90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჯგუფი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სცენას უბრუნდება, სოფთ ეჯექთის წევრებმა თბილისი ოფენ ეარის გამოწვევა მიიღეს, კონცერტამდე ორი თვით რეპერტუარზე მუშაობა და რეპეტიციებიც უკვე დაიწყეს.
ხანგრძლივი სასცენო პაუზის მიუხედავად რეპერტუარიც და სიმღერების ნოტებიც ზეპირად ახსოვთ. სოფთ ეჯექთი წევრები 16 წლის შემდეგ სარეპეტიციოდ პირველად შეიკრიბნენ.
რეპეტიციების დაწყებამდე 90-იანი წლების ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ჯგუფმა შეთავაზება ოფენ ეარისგან მიიღო, ერთიანი გადაწყვეტილებით, სოფთ ეჯექთი წლევანდელი ფესტივალის მონაწილეა.
ავტორ-შემსრულებლების კარიერა საქართველოს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მალევე გასცდა, ევროპულ ტურნეებს გერმანიაში ჩაწერილი სიმღერები და წლის ჰიტზე გადაღებული ვიდეო რგოლიც მოჰყვა.
გამოქვეყნებული მასალების გარდა, სოფთ ეჯექთის არქივი ბევრ უცნობ სიმღერასაც ინახავს. გია ქარჩხაძე კონცერტისთვის მზადების პარალელურად ახალი სიმღერების გამოქვეყნებასაც გეგმავს.
ახალ და ძველ სიმღერებს სოფთ ეჯექთი 2001 წლის შემდეგ პირველად 17 ივნისს, ოფენ ეარის სცენაზე შეასრულებს.