ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს ვაკანტური ადგილის დასაკავებლად 68 კანდიდატი იბრძოლებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები კონკრეტულ მოლოდინებზე ვერ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ სრულ ნდობას უცხადებენ შერჩევის პროცესს.
„მე გავეცანი სხვადასხვა ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით და აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრ ქვეყანას ბევრჯერ დაუბლოკეს კანდიდატთა სია. ანუ, საქართველო არ იყო პირველი. სავარაუდოდ, არ იქნება უკანასკნელი ქვეყანა, ვისაც შეიძლება, სამკაციანი სია, ასე ვთქვათ, დაუბლოკონ,“ - განაცხადა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, შოთა გეწაძემ.
სატელეფონო განცხადება გააკეთა ევროსასამართლოს მოსამართლეობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, თამარ ალანიამ.
„უშუალოდ პროცედურას, მისი, ასე ვთქვათ, მიღებულ გადაწყვეტილებებს და შინაარსობრივ მხარეს, მე არ გავცნობივარ, ამიტომ დასკვნას ვერ გავაკეთებ. ბევრი კითხვა იყო დასმული და, ცხადია, ამ ეტაპზე უფრო სანდო იქნება იმიტომ, რომ, თუკი რაიმე ხარვეზი იყო, ვფიქრობ, რომ ამას გაითვალისწინებს კომისია. პოზიტიური მოლოდინი მაქვს. ამან განაპირობა სწორედ ჩემი მხრიდან განაცხადის შეტანა,“ - აღნიშნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, თამარ ალანიამ.
განაცხადების მიღება დღეს დასრულდა. ამიერიდან იწყება შერჩევის ეტაპი, რომელსაც სპეციალური კომისია განახორციელებს.