„მისი განცხადება არის ძალიან არასწორი მიდგომა საქმის მიმართ,“ - ასე აფასებს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მეუფე იაკობის ქადაგებას, სადაც მეუფე აღნიშნავს, რომ პატრიარქის მოწამვლა იგეგმებოდა.
მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი, მეუფე იაკობის მიერ ქადაგების შეფასებისას აცხადებს, რომ საქმის ისტორია მოწმემ არ უნდა იცოდეს.
„მე სრული მოთხოვნა გამაჩნია, რომ დამდონ პატივი წმინდა სინოდის წევრებმა, გამონახონ დრო და ჩვენ მზად ვართ, მივიდეთ და, თუ ასე კარგად იცნობენ საქმეს, როგორც მეუფე იაკობი ბრძანებს, მე და გიორგი თანახმა ვართ და მზად ვართ, ალტერნატიული საქმის მასალები გავაცნოთ,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
მისი თქმით, მეუფე იაკობმა მამა გიორგის, ფაქტობრივად, ბრალის აღიარება სთხოვა.
„ყველაფერს ძალიან დიდი სიფრთხილე სჭირდება. ადამიანის სიტყვას, ნებისმიერი სტატუსის მქონეს, აქვს ძალიან დიდი ძალა, ყველა სიტყვის თქმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატად დანიშვნამდე, მას პროკურატურის განცხადებებიდან გამომდინარე შეექმნა ისეთი შთაბეჭდილება, რომ საქმე მაღალი იერარქიის მქონე სასულიერო პირის მკვლელობის მცდელობას შეეხებოდა.