„დაუკვირდით, რაოდენ პირდაპირ კავშირში არის მეუფე იაკობის განცხადებების შინაარსი ირაკლი მამალაძის განცხადებების შინაარსთან, ისინი არიან ერთ აზრზე,“ - ეს განცხადება მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ, არჩევანის პირდაპირ ეთერში გააკეთა.
ის მეუფე იაკობისა და ე.წ. ციანიდის საქმის მოწმის, ირაკლი მამალაძის, როლზე საუბრობს.
გიორგი ფანცულაიას განცხადებით, ის, თუ რატომ არიან ისინი ერთ აზრზე, როგორც დაცვის მხარის, ისე პროკურატურის მიერ მოპოვებული მასალებიდან დასტურდება.
„ჩვენ დაცვის ჩვენი ტაქტიკაც გვაქვს და სასამართლო განხილვის დროს გაირკვევა, თუ ვინ დაიწყო ეს ყველაფერი,“ - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
მამა გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის, თქმით, სასამართლოში მისვლის გარეშეც შეიძლება, მიიღონ სამართლებრივი გადაწყვეტილება, რაც მამა გიორგი მამალაძის გათავისუფლებას გულისხმობს.
„არსებული მტკიცებულებებით ვერცერთი გონიერი მოსამართლე ვერ გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.