„ეს ხალხი, რომელიც ინიშნება ზოგადად, უშუალოდ, შორენას მიერ არის წახალისებული,“ - ეს განცხადება მღვდელმონაზონმა ანდრია სარიამ არჩევანის პირდაპირ ეთერში გააკეთა.
მან იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომლებიც პატრიარქის მდივარნ-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის, მიერ ხალხის სხვადასხვა თანამდებობაზე დანიშვნას მოჰყვება. მისი თქმით, ყველა ეს ადამიანი შემდგომ შორენა თეთრუაშვილის ყველა სურვილს ასრულებს.
არჩევანის სტუდიაში ე.წ. ციანიდის საქმეში გაჩენილ კითხვებზეც ისაუბრეს.
„ეს გაწელილი პროცესი მხოლოდ დაძაბულობას უწყობს ხელს,“ - განაცხადა ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარმა, მამა თეოდორე გიგნაძემ.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე ბევრს საუბრობენ, ყოველ ჯერზე სულ უფრო მეტი შეკითხვა ჩნდება. მეუფე თეოდორემ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძალიან სწრაფ დაწინაურებასა და მის თანამდებობაზე დასანიშნად დასავლეთ საქართველოდან სპეციალურად ჩამოყვანაზე ისაუბრა. მისი თქმით, ის ძალიან ახალგაზრდა იყო იმის ფონზე, როდესაც მრავალი ამ თანამდებობისთვის შესაფერისი ეპისკოპოსი იყო თბილისში.
ამ საკითხზე დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ, აღნიშნა, რომ მამა გიორგი ქონების მართვის უფროსად პირადად პატრიარქმა დანიშნა და არა პატრიარქის მდივან-რეფერენტმა, შორენა თეთრუაშვილმა.
მღვდელმონაზონმა ანდრია სარიამ აღნიშნა, რომ შეიძლება, შორენა თეთრუაშვილსაც სდომოდა მამა გიორგი მამალაძის დანიშვნა ამ თანამდებობაზე. მისი განმარტებით, ეს ვარაუდი იქიდან გამომდინარეობს, რომ ყველა წინა დირექტორი შორენა თეთრუაშვილის რეკომენდაციით იყო დანიშნული.