რუსთავი 2-ს პარლამენტიდან სხდომების პირდაპირ ტრანსლირების სიგნალი დაებლოკა. ვიდეომასალის მოპოვება მხოლოდ მეორე არხის ეთერიდან არის შესაძლებელი. ყველა სხვა სიგნალი რუსთავი 2-ის, იმედისა და მაესტროსათვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით შეწყვეტილია. 2012 წლიდან პლენარული და საკომიტეტო სხდომები ყველა არხს შეუფერხებლად პარლამენტსა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის ზეპირი შეთანხმების საფუძველზე მიეწოდებოდა.
სოციალურ ქსელში ვასილ მაღლაფერიძემ გადაწყვეტილება მარკეტინგული მიზნით ახსნა და სხვა არხის ეთერში პარლამენტის პირდაპირი ტრანსლირებისას მაუწყებლის ლოგოს მითითება მოითხოვა, რაც ამ ეტაპზე ტექნიკურად საზოგადოებრივი მაუწყებელისვე მიზეზით, ვერ მოხერხდება.
სხვადასხვა ეტაპზე ფინანსურ დანახარჯის ნაწილს რუსთავი 2-ც ანაზღაურებდა, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ინიციატივითვე შეწყდა. კომპანია მზადაა შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენის შემდეგ, თანხის ნაწილი ისევ გადაიხადოს, თუმცა მოლაპარაკებები 5 აპრილის შემდეგ არ განახლებულა, მასალის მიღება კი, ამ დრომდე დაბლოკილია.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ სხვა ტელეკომპანიებისთვის პირდაპირი სიგნალის დაბლოკვასთან დაკავშირებით, ოპოზიციაში თვლიან, რომ მაღლაფერიძის გადაწყვეტილების უკან ხელისუფლება დგას, რომელსაც არ სურს საზოგადოებას პარლამენტში მიმდინარე მოვლენებზე სრულყოფილი ინფორმაცია ქონდეს.
მმართველ გუნდში პოლიტიკურ მოტივებს გამორიცხავენ და კერძო კომპანიებს საზოგადოებრივ მაუწყებელთან საკითხზე მოლაპარაკებას ურჩევენ.