მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე აცხადებს, რომ ციანიდის საქმე მის მიმართ განხორცილებული პროვოკაციაა. ბრალდებული აცხადებს, რომ მომწამლავი ნივთიერება ციანიდი მის ბარგში ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა ჩადეს. თუმცა, დეკანოზი აცხადებს, რომ ნივთიერება ბარგში პროკურატურის თანამშრომლებს არ ჩაუდიათ.
რომელი ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა ჩადეს მამალაძის ბარგში ნივთიერება, არც ბრალდებულის ადვოკატები აკონკრეტებენ. თუმცა მინიშნებებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ აკეთებენ.
სუს-ის მონაწილეობა და ინტერესი საქმეში, დღეს ღიად ბრალდებულის ერთ-ერთმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა დაადასტურა. სუს-ის მონაწილეობის დაკავების ღონისძიებაში გამორიცხავს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი. თუმცა, ვახტანგ გომელაური განმარტავს, რომ ფარულ მიყურადებაში ტექნიკურ დახმარებას პროკურატურას კანონიერად უწევდა.
გაუთქმელობის პირობის გამო ადვოკატების განცხადებით, ისინი საქმის დეტალზე ისევ ვერ საუბრობენ. პროკურატურის ამ გადაწყვეტილებას ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრი ევროპულ სასამართლოში ასაჩივრებს.
წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით კი, მამა გიორგი მამალაძე ვრცლად საუბარს 5 მაისს, სასამართლო პროცესზე გეგმავს.