18 ნოემბერი 2024,   23:30
ვრცლად
სასტიკი მკვლელობა ფონიჭალაში - ნაფიცი მსაჯულები გადაწყვეტილების მისაღებად გავიდნენ

ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები სასამართლო სხდომის დარბაზიდან ვერდიქტის მისაღებად ცოტა ხნის წინ გავიდნენ და არ არის გამორიცხული დღესვე გახდეს ცნობილი მათი გადაწყვეტილება. 

ბრალდებული გიორგი ხაბელაშვილი წარდგენილ ბრალდებას უარყოფს და აღნიშნავს, რომ ურთიერთგამომრიცხავი ფაქტებია ამ საქმეში.

„შევედი 5 ათასი ლარის ოქროულობა გამოვიტანე და გასვენებაში გელა მამფორიას ათასი ლარი დავახარჯე გზის ფულად? რისთვის წავედი, დედა-შვილი მოვკალი იმის გულისთვის, რომ გასვენებაში გამეშვა კაცი?“ - აცხადებს გიორგი ხაბელაშვილი.

ადვოკატის, თამაზ კვახაძის თქმით, ხაბელაშვილისგან იძულებითი აღიარებითი ჩვენება მიიღეს, თუმცა ახლა ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.

„ხაბელაშვილი არ აღიარებს დანაშაულს. ხაბელაშვილმა, როდესაც მისგან აღიარებითი ჩვენება იძულებით, წამების შედეგად მიიღეს, როდესაც მას დაუნიშნეს სახაზინო ადვოკატი, უკვე აღკვეთის ღონისძიების დროს, ხაბელაშვილმა უარყო დანაშაული,“ - განაცხადა თამაზ კვახაძემ.

პროკურორი კი მკვლელობის სავარაუდო დეტალებს ყვება და მისი თქმით, უამრავი მტკიცებულებები არსებობს მისი ბრალეულობის დასადასტურებლად. მოკლული დედა-შვილის ახლობლები ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობის მისჯას ითხოვენ. მათი თქმით, გიორგი ხაბელაშვილის დანაშაულის დასადასტურებლად ყველა მტკიცებულება არსებობს.

თავდაპირველად ნაფიც მსაჯულებს ვერდიქტის გამოსატანად 4 საათიანი ვადა აქვთ. იმ შემთხვევაში თუ 12-ვე მსაჯული ვერ მიიღებს საერთო გადაწყვეტილებას, მათ ამატებით 8 საათიანი ვადა მიეცემათ.

დღის ამბები