18 ნოემბერი 2024,   23:26
ვრცლად
ხვალ სამოქალაქო სექტორმა საკონსტიტუციო კომისიას საარჩევნო სისტემის ალტერნატიული ვერსია უნდა შესთავაზოს

არასამთავრობო ორგანიზაციების დახურულ კარს მიღმა კონსულტაციები 4 საათი გაგრძელდა. ხვალ სამოქალაქო სექტორმა საკონსტიტუციო კომისიას საარჩევნო სისტემის ალტერნატიული ვერსია უნდა შესთავაზოს. დღესვე არასამთავრობოებმა ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს, სადაც კომისიის მიერ შემოთავაზებული ვერსიის ნაკლოვანებებზე მიუთითებდნენ. არასამთავრობოების ყველაზე მეტ კრიტიკას სწორედ საარჩევნო სისტემა და პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევის წესი იმსახურებს.  

“თუ გადაუნაწილებელი ყველა მანდატი წაიღო პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ, ეს იქნება დაუმსახურებელი და გაუმართლებელი პრივილეგიის მინიჭება მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალისთვის და ეს ვერ შექმნის დაბალანსებულ და სამართლიან სისტემას. მთლიანად ეს სისტემა ძალიან სერიოზულ პრობლემებს შექმნის და ფაქტიურად შეუძლებელს გახდის იმას, რომ ჩვენი საპარლამენტო ცხოვრება იყოს პლურალისტული,“ - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის თქმით,  მათთვის მნიშვნელოვანია, რომ გადაუნაწილებელი მანდატები უფრო სამართლიანი წესით განაწილდეს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტის ვახუშტი მენაბდე კი აღნიშნავს, რომ შემოთავაზებული ვერსია არის უკეთესი ვიდრე მოქმედი თუმცა, მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა და ეს არის გაუნაწილებელი მანდატები.  

დღის ამბები